ღონისძიებები

დასრულდა მედულაშვილების გვარის დალოცვის ღონისძიების ამსახველი ვიდეორგოლის მონტაჟი რომელსაც დიდი სიამოვნებით გთავაზობთ:

 

განსაკუთრებული მადლობა ამ ვიდეოს ოპერატორს და მემონტაჟეს ბატონ გიგი გილიგაშვილს.


გაიხარეთ, მედულაშვილებო ! კიდევ ერთხელ გილოცავთ ვებ-გვერდის შექმნას.

ვებ-გვერდის დანიშნულებაა ერთმანეთის გაცნობა, ერთმანეთისთვის ჩვენი ემოციების გაზიარება და დახმარება, საერთო საგვარეულო საქმის გაკეთება და საზოგადოებაში ჩვენი გვარის წარმოჩენა. ამისთვის ჩვენ უნდა ვიყოთ ძალიან ამაღლებულები, ყურადღებიანები, ძლიერები, თუნდაც განსაკუთრებულები, რომ ამ მიმართულებით ყოველგვარი აქტიურობა სტიმული იყოს ჩვენი განვითარებისა. ჩვენ არა მარტო საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა უნდა გვქონდეს, არამედ – გვაროვნული პასუხისმგებლობაც. უნდა ვიამაყოთ, რომ ჩვენ მედულაშვილები ვართ, ასე უნდა გავზარდოთ ჩვენი შვილები და ისინი გაამართლებენ დევიზს “რომ შვილი ჲჯობდეს მამასა”.

მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ვებ-გვერდი განვითარდება ყველას თანამონაწილეობით, მივიღებთ ტექსტებს, ჩანაწერებს, ძველ და ახალ სურათებს, აუდიო-ვიდეო ინფორმაციას ოჯახების შესახებ. როგორც მაქსიმალისტი მედულაშვილი, ველოდებოდი, რომ პირველი ერთი კვირის განმავლობაში უკვე გადაივსებოდა ვებ-გვერდი მიღებული ინფორმაციით. თუმცა ისევე, როგორც მედულაშვილი ვხვდები, რომ მძიმედ მაინც წამოვა ინფორმაციის ნაკადი და ვებ-გვერდი თავის ფუნქციას მაინც შეასრულებს ოდესმე.

რა არის ვებ-გვერდის ფუნქცია, მარტო ინფორმაციის გაცვლა? მე მესახება ამგვარად, – როდესაც მე ჩვენს ვებ-გვერდზე შევალ, ცხოვრების ყოველგვარი ტვირთი მომეხსნება, კარების მივუხურავ და ერთ ყვავილებიან მინდორში აღმოვჩნდები. იქ იქნება ძალიან სასიამოვნო სურათი: გაშლილი სუფრა მედულაშვილებისა და ჩვენი ახლობლების მონაწილეობით, კარგი თამადა, კარგი ღვინო და კარგი მუსიკა. ჩვენ ერთ ენაზე ვილაპარაკებთ, დავისვენებთ ერთმანეთთან ურთიერთობის შედეგად, ჩვენს წინაპრებსაც მოვიგონებთ, ჩვენს მომავალსაც დავსახავთ და ვადღეგრძელებთ, ღმერთს ვახსენებთ. შემდეგ, დაწყნარებულები ისევ გავაღებთ კარებს, გადავალთ ძველ ორომტრიალში და უფრო მტკიცედ გავაგრძელებთ წინსვლას.

ჯერ-ჯერობით ჩვენი ვებ-გვერდი არ არის “ყვავილებით მოფენილი”, მაგრამ თუ მოვინდომებთ, შესაძლებელია პატარა ფინანსური სტიმულირებით ჩვენი საურთიერთო ადგილი უფრო გავალამაზოთ. ჯერ-ჯერობით მთავარია, რომ ფუნქციონალური მაინც იყოს ვებ-გვერდი, შემდგომი დახვეწა კი დროის საქმეა და ყველას ერთად შეგვიძლია გავაკეთოთ, თუ ამისი სურვილი გვექნება.

ეხლა ჩვენი ფინანსური მდგომარეობის შესახებ:

სანამ ოფიციალურად დავფუძნებულვართ და იურიდიული სტატუსი შეგვიძენია, გავხსენით დროებით ანგარიში ლევან მედულაშვილის სახელზე. ანგარიში გამჭვირვალე იყო და ყველას შეეძლო გაეკონტროლებინა ფულის მოძრაობა, მაგრამ განვლილმა პერიოდმა აჩვენა, რომ არც ისე აქტიურები ვყოფილვართ, ან რაიმე სხვა დამატებითი ღონისძიებაა მოსაფიქრებელი თანხების შესაკრებად. თანხა არ არის განსაზღვრული, შეტანილი ნებისმიერი თანხა მოხმარდება შემდგომ საგვარეულო ღონისძიებებს და მიმდინარე ხარჯების ანაზღაურებას.

შევხედოთ ჩვენს ანგარიშს ბანკში. ანგარიში წელში იზნიქება ჩარიცხული თანხების სიჭარბით. არ მეგონა, თუ ასე აქტიურად გამოეხმაურებოდნენ ადგილობრივი და მთელს მსოფლიოში გაფანტული მედულაშვილები ჩვენს საერთო ღონისძიებას. ანგარიში ისე შეივსო, რომ შეიძლება სხვა გვარების დახმარების ფონდიც შევქმნათ. საგვარეულო ღერბის შემუშავებას და დახატვასაც ეყოფა (ღერბის შემუშავებაზე იმდენი კომენტარი მოვიდა, რომ ვებ-გვერდი ვეღარ იტევს). მედულაშვილები უკვე გაჭირვებულ თანამოძმეებს ეხმარებიან სამსახურის შოვნაში, ფინანსურად . . . უერთმანეთოდ ქორწილს აღარ იხდიან . . .
მაპატიეთ, ეს ზედა პარაგრაფი შემთხვევით რეი ბრედბერის ფანტასტიკური რომანიდან ამოვჭერი

უნდა ვიცოდეთ, რომ ეს ყველაფერი ხდება არა ათი კაცის გულისთვის, არამედ მედულაშვილების გვარისათვის, რომელიც უფრო გაძლიერდება პატრიარქის დალოცვის შემდეგ, უფრო გაიწმინდება და დაიწმინდება. ეს ნაბიჯი უფრო დაგვაახლოვებს ღმერთთან და სასიკეთო საქმეების გასაკეთებლად ძალას მოგვცემს. თქვენ, ვინც მედულაშვილები ხართ, უკვე ამ საქმის მონაწილეები ხართ, რომც არ გამოგვეხმაუროთ. ვინც გამოგვეხმაურება, ადამიანურად თავის მოთხოვნილებას დაიკმაყოფილებს გვართან ერთობის დამყარებაზე, სულ ეს არის !

გაიხარეთ და გაგიმარჯოთ მედულაშვილებო!